ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტაზე: მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების პოზიცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეცვლილია და „პრაქტიკულად მათ უკან დახევა უწევთ“.

მისი თქმით, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე უფლებამოსილება, ამ საკითხზე გუნდში კიდევ იმსჯელებენ.

„პრაქტიკულად მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება. თუკი ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ამ საკითხზე გუნდში კიდევ ვიმსჯელოთ. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.