ალეკო ელისაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიციაც პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს

„ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიციაც პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს, – ასე შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ელისაშვილის თქმით, ეს მართებული გადაწყვეტილებაა.

„კარგი, სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა. აქამდე, როგორც ლაპარაკობდა „ქართული ოცნება“, ის არ მომწონდა, რადგან ეს არის შანტაჟი, რომ მანდატებს შეგიწყვეტ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ. ჩვენ და „ქართული ოცნება“ შევთანხდით მემორანდუმზე. ეს მემორანდუმი გულისხმობს, რომ საქართველოში არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს. მანდატების გაუქმება ამ ყველაფერს დახურავდა. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა და ახლა ოპოზიციაც პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა, ეს იყო პასუხისმგებლობით მოქცევა“, – განაცხადა ელისაშვილმა.