საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივის

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური, პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივის და ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„10 წელზე მეტია ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩემ შესახებ გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ მე ფოთის ქუჩებში „მერსედესის“ მარკის ავტომობილით გადავადგილდებოდა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადამქონდა. ეს არის სიცრუე – არანაირი კავშირი ნარკოტიკებთან არასდროს არ მქონია, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი არ მყავს და არც ოდესმე ვინმესგან მითხოვნია. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც მე განვუმარტე, რომ ამ თემასთან არანაირი არ მქონია. მიუხედავად ამისა ეთერში მაინც მოხვდა ჩემი ფოტოსურათი და გაშუქდა ცრუ ინფორმაცია. მყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვითხოვ „ტვ პირველისგან“ ბოდიშის მოხდას და მივმართავ სასამართლოს ამ ტელეკომპანიისთვის ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.