მამუკა მდინარაძე – კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები

კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმ არგუმენტის წარმოდგენა, რომ არ მყავდა კომისიაში წევრები და სხვებმა უკეთ იციან, არ არის ბოლომდე დამაჯერებელი,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ან უნდა დაამტკიცონ გაყალბება, ან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

“გუშინ თუ გუშინწინ ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ გამოვიდნენ ამ ნარატივიდან, თუ ასე ამბობს, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს ამ ფორმატში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა, ახლა იმ არგუმენტის წარმოდგენა, რომ არ მყავდა კომისიაში წევრები და სხვებმა უკეთ იციან, გასაგებია, მაგრამ არ არის ბოლომდე დამაჯერებელი. თუ მათ მართლა აქვთ ეჭვი, რომ რაღაც გაყალბებას ჰქონდა ადგილი, მაშინ მათ უზრუნველყონ ის, რომ ერთ პროცენტიანი გაყალბება დაამტკიცონ და ისინი იქნებიან ავტორები და შემოქმედები იმისა, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება. ამიტომ ან აღიარონ, რომ ეს ყველაფერი სპეკულაცია იყო და ვერ გამოდიან იმ ნარატივიდან, რაც არჩევნების ღამისვე დაიწყეს და დაგეგმეს ან თქვან, რომ შეცდნენ, საზოგადოებას ყველამ ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, მოატყუა და ეს ნარატივი არის მათში დაუძლეველი,”- განაცხადა მდინარაძემ.