საგარეო უწყება: ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება რუსეთის დესტრუქციული გეგმების რეალური გამოხატულებაა

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებას გულისხმობს“.

საგარეო უწყების განცხადებით, უკანონო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალური გამოხატულებაა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო.

მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველო აამოქმედებს თავის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და უკანონო ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – აღნიშულია უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.