არის თუ არა ბიუჯეტში ისეთი თანხები, რომლებიც იხარჯება ისეთ სფეროში, სადაც ამის აუცილებლობა არ არის?..

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

(ამონარიდები ინტერვიუდან, გაზეთი “ასავალ–დასავალი” 17.10.2016)

დღეს საქართველოს უმძიმეს ვითარებაში რომ იმყოფება, ახალი ამბავი არ არის. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარია. მოდი ვნახოთ არის თუ არა ბიუჯეტში ისეთი თანხები, რომლებიც იხარჯება ისეთ სფეროში, სადაც ამის აუცილებლობა არ არის და ამ თანხების სახელმწიფოსთვის, სხვა უფრო აუცილებელი საჭიროებისათვის გამოყენება უპრიანი იქნებოდა.

  1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია – 3,500 000 ლარი.
    სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თავის დროზე სააკაშვილის მიერ შეიქმნა და სრულიად გაუგებარია დღეს მისი არსებობა.
  2. ასევე გაუგებარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი – 9, 000 000 ლარი.
  3. სრულიად ზედმეტი და არაფრის მაქნისია „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ – 1,350 000 ლარი.
  4. ასევე გასაუქმებელია „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო“ , რომელიც ბიუჯეტიდან 3,100 000 ლარს იღებს. ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ამ სამინისტროს მუშაობაზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის.
  5. 2014 წელს სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დაფინასება გადაწყვიტა. “საქართველოს ბიუჯეტიდან მუსლიმური თემი: 2,2 მილიონი ლარს, სომხური თემი: 600 000–ს,
    კათოლიკური თემი: 400 000–ს და იუდეური თემი: 300 000 ლარს იღებდა. 2016 წელს კონფესიების დაფინანსება გაიზარდა და სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5,600 000 ლარით ფინანსდება.
  6. „კონკურენციის სააგენტო“ – 2,000 000 ლარი. გინახიათ მონოპოლიის გამოვლენილი ფაქტი? რაში ხარჯავს სახელმწიფო 2 მილიონი ლარს?
  7. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ – 22,963 000
    თითქმის 23 მილიონი ლარის დახარჯვა ტურიზმის მოსაზიდად არამგონია მართებული იყოს. სააგენტოს თუნდაც ძალიან ეფექტური მუშაობის პირობებში, ქვეყანა ამ თანხას ნახევარს მაინც ამოიღებს? ძალიან საეჭვოა და მაშინ რა საჭიროა ამხელა თანხის გამოყოფა?
  8. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, არ ემსახურება საზოგადოებას, ბიუჯეტიდან 44,100 000 ლარით ფინანსდება.
  9. ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ბიუჯეტიდან 12,630 000 ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, ფონდი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ 140 მილიონი დოლარითაც ფინანსდება, აქედან 2016 წელს 70,190 000 ლარი მიიღო. ფონდის მიზნებში ვკითხულობთ: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო გენდერულ უთანასწორობას ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სოციალური და გენდერული საკითხები შესულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპაქტით გათვალისწინებულ სარგებელზე თანასწორი წვდომა. ამაზე კომენტარი ზედმეტია…
  10. ქართულ რეალობაში გადამზადებასა და ტრენინგში გადახდილი ფული, ხშირად გადაყრილი ფულია. გვახსოვს თუ როგორ წუწუნებს განათლების სამინისტრო, რომ ტრენინგებს შედეგი არ მოაქვს და მასწავლებელთა უმრავლესობა ვერ ლახავს პროფესიული განვითარების საგამოცდო ზღვარს. მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება 1,500 000 ლარი.
    საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა 1,138 100 ლარი. საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება 1,100 000 ლარი.
    განათლების სამინისტრო მასწავლებელთა მხოლოდ პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში ორი სხვადასხვა თანხით:14,176 000 ლარით და 23,550 000 ლარით ფინანსდება.

ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ 145 მილიონი ლარი გამოგვდის და ყოველწლიურად ეს თანხა სრულიად საკმარისია ქვეყანაში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი მოგვარდეს: დემოგრაფიული პრობლემა, სადაც როგორც ერი გადაშენების პირას ვართ და სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოება, სადაც სახელმწიფოს საკუთარი თავის გამოკვება მხოლოდ 20%–ით შეუძლია და 80%–ი დამოკიდებულია იმპორტზე.

კომენტარის დატოვება