ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას. უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.