ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია და გავრილოვი არიან ერთი მედლის ორი მხარე

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია და გავრილოვი არიან ერთი მედლის ორი მხარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშველ რგოლად ყოველთვის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ერთ დღეს, საქართველოდან გავრილოვი გავისტუმრეთ იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ის ტელეარხები, რომლებსაც როგორც ჩანს, კონტაქტი გაქვთ გავრილოვთან, უფრო ახლოს ხართ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან და შეგიძლიათ, მასთან კომუნიკაცია გააგრძელოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.