კახა კუჭავა – რაჭა ჩემი სიყვარული-ტყუილად არ უთქვამთ – ერთხელ მაინც თუ ესტუმრები ამ მხარეს, არ შეიძლება არ შეგიყვარდეს ეს ბუნება, ხალხი, ეს სითბო

რაჭა ჩემი სიყვარული-ტყუილად არ უთქვამთ. ერთხელ მაინც თუ ესტუმრები ამ მხარეს, არ შეიძლება არ შეგიყვარდეს ეს ბუნება, ხალხი, ეს სითბო, რომელიც გაგაჩნიათ და რითაც გამოირჩევით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებზე ალტერნატივა არ ჰყავს.

“ნაქერალას უღელტეხილიდან რომ ამოხვალ, გხვდება ულამაზესი პეიზაჟი შაორის ტბის სახით, რომელსაც არა აქვს მნიშვნელობა რომელ სეზონზე ეწვევი, ზაფხულია, შემოდგომა, გაზაფხული თუ ზამთარი-ულამაზესია.

ნიკორწმინდა-ქებათა ქებას რომ იმსახურებს და დღესაც გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი რაჭაში.

ამბროლაური და ის ულამაზესი სოფლები, რომელიც მის გარშემოა, გამოირჩევა ბევრი ღირშესანიშნაობით.

ცნობილი „ხვანჭკარა“ და ყიფიანის ვენახები-გემო, რომელიც ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოს ყველამ, ვისაც ღვინო და ვაზი უყვარს.

ამბროლაურში სულ სამი მოძველებული ღვინის ქარხანა იყო. დღეს გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ არა თუ ქარხნების რაოდენობა იზრდება, იზრდება პატარა მეღვინეობები, რომელიც კიდევ უფრო პოპულარული ხდება და პოპულარულს ხდის ამ კუთხის ვაზს, ღვინოს.

რეგიონის განვითარება, რომელიც არ არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე.

დილით მოვინახულეთ საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, რომელიც აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შესძენს ზემო თუ ქვემო რაჭას. შემდეგ გაგრძელება-ლეჩხუმისკენ, ლენტეხისკენ და სვანეთისკენ უშგულამდე. გზა, რომელიც დასრულდება და რომელიც აბსოლუტურად ახალი რეალობის წინაშე დააყენებს იმ პოტენციალს, რაც ამ რეგიონებს, ამ კუთხეს გააჩნია.

მდინარე კრიხულა- ჩემს შვილთან ერთად მოვინახულე, რომელიც არ შეიძლება არ დაგამახსოვდეს. ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა ნახონ იქ გაკეთებული პატარა საოჯახო სასტუმროები, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება.

ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ეს იმის შედეგია, რამაც მოგვიყვანა დღემდე- განხორციელებული პროექტები, ყურადღება, რომელსაც ვიჩენთ რეგიონების მიმართ”, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია.

“მიხარია, რომ ვხედავ და ვიცნობ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც წარმოშობით ამ კუთხიდანაა. ისინი სწავლობდნენ თბილისში, დაბრუნდნენ და ახლა ცდილობენ აქ გააკეთონ საქმე. არის ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათ იმისათვის, რომ განავითარონ თავიანთი მცირე და ოჯახური ბიზნესები.

ბევრს არ ვისაუბრებ იმ პოტენციალზე და პროგრამებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგვაჩნია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს.

რაჭა ზამთარში ცარიელდება, რადგან არ არის ადვილი აქ ზამთრის პირობებში ცხოვრება, საკმაოდ დიდი გამოწვევებია. არსებობს, ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი „მთის კანონი“, რომელმაც უნდა შეძლოს მეტი დახმარება განახორციელოს ზუსტად ასეთი კუთხეებისთვის, ასეთი მთიანი სოფლებისთვის. ის, თუ როგორ შეიძლება ეს კანონი განვითარდეს და არ დარჩეს იმ პირვანდელი სახით, ამისთვის თქვენგან უნდა მოდიოდეს ინფორმაცია, გამოწვევებზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილება, რაც შემდეგ უკვე თვითმმართველობის მიერ მოვა ცენტრალურ ხელისუფლებამდე, პარლამენტში და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს თქვენთვის აქ, ზამთარში თუ ზაფხულში ცხოვრება.

დარწმუნებული ვარ, არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ, იქნება არჩევანი თქვენი მომავლისთვის, ამ რეგიონის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ვისაუბრებთ იმ შედეგებზე, რასაც მივაღწიეთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

თქვენ გყავთ ძლიერი მაჟორიტარი, ჩემი კოლეგა გოჩა ენუქიძე, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს და ფიქრობს თუ რა გააკეთოს დამატებით მშობლიური კუთხისთვის, ამ რეგიონისთვის.

წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, „ქართულ ოცნებას“, წარმატება და გამარჯვება მინდა ვუსურვო ამბროლაურს”, – განაცხადა კუჭავამ.