გახარიასა და ღარიბაშვილს, კობახიძესა და გახარიას შორის ბრძოლა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა – ბადრი ჯაფარიძე

გახარიასა და ღარიბაშვილს, კობახიძესა და გახარიას შორის ბრძოლა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერებმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვონ.

„ეს არ არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებისთვის ბრძოლა, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა, ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის შიგნით ბრძოლა, ურთიერთლანძღვა მათთვის დამახასიათებელი მეთოდებით. ამას არანაირი კავშირი ქვეყნის ინტერესებთან არ აქვს. ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერების ჩათვლით არ იქნენ ამ არჩევნებში მხარდაჭერილნი იმისათვის, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს და ჩვენ შევძლოთ ქვეყანა დავაბრუნოთ მისი ბუნებრივი განვითარების გზაზე, რაც არის ევროპული ვექტორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.