სოზარ სუბარი: ნიკა მელიაც და მისი მიმდევრებიც ცინიკურად ამბობენ, რომ მათთვის კანონი არაფერს წარმოადგენს

ნიკა მელიამ ცინიკურად თქვა, რომ არ ემორჩილება ქართულ სახელმწიფოს, სამართლებრივ სისტემას, მისთვის კანონი არაფერს წარმოადგენს. არა მხოლოდ ის, არამედ, ამას ამბობს ყველა მისი მიმდევარი, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიას საკმარისი დრო ჰქონდა გირაოს გადასახდელად და ამასთან, გადასახდელი თანხა არ ყოფილა იმდენი, რამდენის გადახდაც მას არ შეეძლო.

„ბოლო დღეებია, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, ნიკა მელიას, სამაჯურის გაკეთებით, თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება შეეზღუდა – როგორც პოლიტიკოსს, როგორც პარლამენტის წევრს. ეს არაა სწორი შეფასება. იყო რამდენიმე ალტერნატივა: მათგან ერთ-ერთი იყო ის, რომ ნიკა მელია უნდა წასულიყო ე.წ. წინასწარ პატიმრობაში, რაც არ მოხდა. შეზღუდვა, რომელიც მის მიმართ მოქმედებდა არათუ მკაცრი არ იყო, არამედ – ის აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, მასთან სახლში მიდიოდნენ ჟურნალისტები, პერიოდულად, დადიოდა პარლამენტშიც და მიტინგებზეც. ეს ხდებოდა წინასაარჩევნოდ და უშუალოდ, არჩევნების პერიოდშიც, როცა მას აბსოლუტურად ყველაფრის კეთების თავისუფლება ჰქონდა, მათ შორის, ისეთი საქციელის, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდებოდა კანონის ფარგლებში. გავიხსენებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაზე შტურმის მცდელობას. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ არ ჩათვალა, რომ დანაშაულის მკაფიო ნიშები არსებობდა. პირადად მე, ამას პირიქით ვხედავ, მაგრამ მესმის, რომ გამოძიება ოდნავ რბილ მიდგომას ირჩევს. ამას ნამდვილად აქვს პოლიტიკური მდგენელი, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდაა. დარწმუნებული ვარ, ამას არ დაეთანხმება პროკურატურა და სამართალდამცველი სისტემა, მაგრამ მე ასე ვხედავ. ისინი მაქსიმალური დათმობის პოლიტიკას ირჩევდნენ, თუმცა, ამ პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა მაშინ, როცა მან სამაჯური მოიხსნა და თქვა, რომ კანონის დამორჩილებას არ აპირებდა. მას ძალიან დიდი დრო მისცეს გირაოს გადასახდელად და ეს თანხა არ იყო იმდენი, რამდენის გადახდაც მას არ შეეძლო. თან, ესაა თანხა, რომელიც გირაოს პირობების შესრულების შემდეგ, უკან უბრუნდება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.