ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული მიკროავტობუსი შესყიდულია, რომლის პრეზენტაცია უკვე გვქონდა და აქედან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობით აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსებს სჭირდება. ორშაბათიდან დამატებით კიდევ, 180 ახალი მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც მნიშვნელოვანია.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ამით უკვე ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.