არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე-  გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს,  თავს გაითავისუფლებს, დღეს კი ოთახში ჩაიკეტა,  სირცხვილია რასაც ვხედავთ

ნიკა მელიამ საჯარო მიტინგზე მოიხსნა სამაჯური და ის გადაუგდო ხალხს. მაშინ გააკეთა განცხადება, რომ სამაჯური უჭერდა მის თავისუფლებას, მის პოლიტიკურ ლიდერობას, მან თქვა რომ ის აღარ ემორჩილება სახელმწიფოს, კანონებს და იმ გადაწყვეტილებებს, რაც მასთან მიმართებაში აქვს მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ოთახში ჩაიკეტა და უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება.

„დღეს, სანამ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს, ის გამაგრდა საკუთარ ოთახში და რაზეც ხალხს ეუბნებოდა, რომ მიუღებელია, იმას აკეთებს თავისი ნებით. ჩაიკეტა ოთახში და უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება.

ჩემი აზრით, ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება. სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, რომ დღეიდან ის არის ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ რეაქციულ მოძრაობას. დღეს კი ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტიურად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.