ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით. ეს 2019 წლის მაჩვენებელს, 119 მილიონს აღემატება. რომ არა პანდემია, უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრივატიზაციის თვალსაზრისით, საქართველოს მარტში საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის საინტერესო სიახლეები იგეგმება.

„ეს იქნება 100-ის ნაცვლად, 150 საპტივატიზებო ქონების პროგრამა, სადაც ბევრი საინტერესო, ახალი პროგრამა შეგვხვდება, რომელმაც კერძო ინვესტიცია უნდა მოიზიდოს. აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებითაც. ორი მიმართულებით მივდივართ: ერთია სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობის მიცემა, რომ ფინანსურად, მეტად დამოუკიდებლები იყვნენ. დანარჩენი, რამდენიმე ათეული სახელმწიფო საწარმო უნდა განკერძოვდეს და აქტიური პრივატიზაციის პროგრამის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამას განიხილავენ.