გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის – რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ! – ჟიგიმანტას პავილიონისი

კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ ჩვენ გვქონდა ნამდვილად კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ასევე ევროკავშირში ახალ ენერგიასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კითხვაზე, როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსავალს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ ყველა მხარეს უნდა შეხვდეს.

„მომეცით დრო, შევხვდე ყველა მხარეს. მე ჯერ კიდევ პროცესში ვარ. ვიმედოვნებ, რომ შევხვდები მრავალ მეგობარს სხვადასხვა კუთხიდან. შესაძლოა, ხვალ ამის თქმა შევძლო. თუმცა, მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს თქვენს ხელშია. თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც მე ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და ნატო-ს შევუერთდებით ან მოვკვდებით. ასე რომ თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით. რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის იმაში, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.