რეგიონის ქვეყნებთან დიალოგი ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ურთიერთინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის გაუმჯობესებას – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს აქტიური დიალოგი აქვს რეგიონის ქვეყნებთან, მუდმივ რეჟიმში ხდება იდეების გაზიარება და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოლაპარაკება.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის გაღრმავებას მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კავკასიის ქვეყნებისთვის საქართველოს მნიშვნელობას მშიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვამსაზრისით.

ზალკალიანმა იმედი გამოთქვა რომ ახლო მომავალში შედგება ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხევდრები, ისევე როგორც სამმხრივი შეხვედრა საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. დაგეგმილია ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი თურქეთშიც.

მინისტრობის კანდიდატმა სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებისა და აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ხაზგასმით ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონალურ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანი იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტი, რომელიც საქართველოში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში 2021 წლის 28 იანვარს ჩამოვიდა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო და სატრანსპორტო კავშირები.როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.