ვახტანგ გომელაური: ახალგაზრდებში სუიციდი უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია – ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, თუმცა საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანის სუიციდის თემაზე დეპუტატების შეკითხვებს
უპასუხა.

მისი თქმით, სუიციდი უმძიმესი თემაა და მის გადაჭრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

„რაც შეეხება 14 წლის გოგონას სუიციდს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. სუიციდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ – საინფორმაციო რგოლები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული დამთავრებული ყველა სამინისტრო, განათლება, მთელი საზოგადოება, ჩვენ მხოლოდ ვერაფერს გავაკეთებთ.

უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო. ვფიქრობ, ამაზე ყველა ჩვენგანმა, არა მარტო მე პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სუიციდი მსოფლიოში არის პრობლემა, არამარტო საქართველოში, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო”, – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა.

14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა.