ხატია დეკანოიძე – ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას

ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას. არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და მისი ბაქიბუქის ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში დესტრუქციული ძალების კონსტიტუციულ ჩარჩოებში დაბრუნება იქნება.

დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა ოპოზიციის დევნა იქნება.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება ოპოზიციის დევნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა არ უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით განიმუხტოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, მოვუწოდეთ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები, იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის. იგი ღიად უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმ ადამიანებს ღიად უწოდებს კრიმინალებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას.

მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს ხელს დააჭერს და ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის არ ეპატიება. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ”,- განაცხადა დეკანოიძემ.