ზაზა თავაძემ პირველი კომენტარი გააკეთა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარე ზაზა თავაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

-„ჩემი პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გამოწვევის წინაშე ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფლების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული შენარჩუნება. იქნება თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი – ამაზე მაქვს ერთი პასუხი, საქმემან შენმან გამოგაჩნოს. ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქმეებს, შეიძლება ითქვას, ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესის ფარგლებში, რა ვადებითაც არის ეს საქმეები გათვალისწინებული” – განაცხადა თავაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა თავაძე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (2004-2007).

2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს გენერალური  პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

2008-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

პლენუმის 8 წევრიდან ზაზა თავაძეს ხუთმა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია თავაძის არჩევას ხელისუფლების სურვილს უკავშირებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს  ხელისუფლება სრულად გააკონტროლებს.

კომენტარის დატოვება