ალეკო ელისაშვილი – სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, მთლად ერთმანეთის ანაბარა არ ვართ მიტოვებული

რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლებისა და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხდომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.