ლევან დავითაშვილი – “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ვითომ ექსპერტები ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ვითომ ექსპერტები ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბარი იყო ამ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ასე შემდეგ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, თქვენ ყველამ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება. ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხევაში ოპონირებენ, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითომ ექსპერტები, მათ ეს პროცედურები ყველაზე კარგად იციან, ისინი არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან გვიჩივიან ან ოპონირების რეჟიმში არიან. ეჭვიც მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე ნეგატიურია. ლევან დავითაშვილის თქმით, მას ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს.

„პირადად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ამაზე იყო საუბარი პრემიერის მხრიდან. ჩვენ უნდა შევქმნათ მოსახლეობის სწორი აზრი და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზს. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი“,-განაცხადა დავითაშვილმა.