“ჩვენი არმიის ‘აქილევსის ქუსლი” მრავალი წლის განმავლობაში”

   თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  განაცხადა, რომ დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა, ასევე შეხვედრები გაიმართება ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც უწყების სამომავლო გეგმები დეტალურად გახდება ცნობილი, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახხურში გაწვევის წესთან მიმართებაში.

  აღდგება თუ არა ან უნდა აღდგეს თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა? ამ კითხვით ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს დავკავშირდით.

-„კარგია, რომ თავდაცვის მინისტრმა წამოწია სავალდებულო სამსახურის საკითხი და მის საექსპერტო წრეებთან განხილვას აპირებს. იმედი მაქვს პროფილურ ექსპერტებს მოიწვევს.

პირადად ჩემი პოზიცია ყველასათვის ცნობილია: მე სავალდებულო სამსახურის გაუქმების წინააღმდეგი ვარ და ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომლის გამოც წინა მინისტრთან ურთიერთობა დამეძაბა (თუმცა მანამდე დაიძაბა, საჰაერო ძალების გაუქმების მცდელობის გამო).

როგორც ბატონმა ლევან იზორიამ განაცხადა, მათ შეისწავლეს მსოფლიო გამოცდილება ამ კუთხით. ეს მისასალმებელია. მსოფლიო გამოცდილება გაწვევის შერეული სისტემისკენ იხრება. ბალტიისპირეთიც აჰყვა წლების წინ პოპულისტურ მოწოდებებს, გააუქმა სავალდებულო გაწვევა და სულ ახლახან მიხვდნენ, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად აპირებენ გაწვევის აღდგენას (შესაძლოა უკვე აღადგინეს).

განვუმარტავ მოსახლეობას, რომ ქვეყანაში სავალდებულო სამსახური არ გაუქმებულა. ეს საკითხი ჩავარდა მთავრობაშიც და პარლამენტშიც. ამის შემდეგ თავდაცვის წინა მინისტრმა (წინასაარჩევნოდ თუ დროში ასე დაემთხვა), გამოსცა აქტი, რომლის თანახმად სამინისტრო უარს ამბობდა ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე. მაშინაც გამოვხატე ჩემი მკვეთრად საწინააღმდეგო პოზიცია, განსაკუთრებით აქტის ხელმოწერის და გამოცხადების ფორმასთან დაკავშირებით. ღია ცის (თუ მზის) ქვეშ, კამერების წინ ასეთი აქტის მიღება აშკარად საზოგადოების მასებზე ზეგავლენის მოსახდენად იყო გათვლილი.

თავდაცვის სამინისტრო და, რაც ყველაზე სამწუხაროა, გენერალური შტაბი, სავალდებულო სამსახურის გაუქმების ძრითად არგუმენტად ასახელებდნენ საკუთარ უსუსურობას და უუნარობას. კერძოდ, მათი განცხადებით ჯარისკაცები ძირითადად დაკავებულნი არიან სამეურნეო საქმიანობით და საყარაულო სამსახურით. თუ ეს ასე იყო, ეს პირველ რიგში გენერალური შტაბის (უფროსის, მოადგილეების, ჯარების სახეობათა სარდლების, გენშტაბის პროფილური დეპარტამენტების უფროსების) ბრალია. ასეთი მიზეზით შეიძლება ჯარი მთლიანად გავაუქმოთ. ვინ უშლიდათ ხელს? ჯარისკაცების და ზოგადად სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნა მათი პირდაპირი მოვალეობაა. ხელფასები მშვიდობიან პერიოდში განა მივლინებებში სასიარულოდ, არამედ ჯარის ომისათვის მოსამზადებლად ერიცხებათ.

-ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ უნდა აღდგეს.

-რა თქმა უნდა ჩვენს არმიას ესაჭიროება სავალდებულო სამხედრო გაწვევა და ვადიანი მოსამსახურეები სავარაუდოდ 20-30%-ის ოდენობით.

-არ მიგაჩნიათ საჭიროდ არსებული ფორმის შეცვლა? ახლანდელი გადასახედიდან ცვლილებები აუცილებელია, არ მეთანხმებით?

-რა თქმა უნდა მათი სამსახურის ფორმა და შინაარსი შესაცვლელია. შესაძლოა გაიზარდოს ასაკი, ხანგრძლივობა და ა.შ. ვფიქრობ 6 თვე საკმარისია კვალიფიციური მსროლელის, ოპერატორის ან ტანკისტის მოსამზადებლად, რა თქმა უნდა ინტენსიური საბრძოლო მომზადების პირობებში, რაც ჩვენი არმიის აქილევსის ქუსლია მრავალი წლის განმავლობაში.

ჩემთვის ერთი რამეა გაუგებარი და ამ აბზაცით პირდაპირ მივმართავ საქართველოს თავდაცვის მინისტრს: ის გენერალური შტაბი, რომელიც 3 თვის წინ წინა თავდაცვის მინისტრის პოპულისტური გადაწყვეტილების „გამპრავებლად“ (უკაცრავად სლენგისთვის) მოგვევლინა და რამდენიმე განცხადება გააკეთეს იმ შინაარსის, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, როგორ უნდა გვესაუბროს ან ექსპერტებს ან საზოგადოებას? 3 თვის წინ სხვაგვარად ფიქრობდნენ და ახლა აზრი აქვთ შეცვლილი? თუ მსოფლიო გამოცდილება ახლა შეისწავლეს და გადაიფიქრეს? აქამდე არ იცოდნენ? მაშინ რა უნდოდათ ასე მაღალ თანამდებობებზე მარტივი საკითხები თუ არ იციან? თუ იციოდნენ და ყოფილ მინისტრს კვერი დაუკვრეს, მაშინ რა გენერლები და პოლკოვნიკები არიან?

ამ კითხვებს ერთი მარტივი გარემოების გამო ვსვამ: თუ გენერალური შტაბი ფიქრობს, რომ უნდა აღსდგეს, მაშინ 3 თვის წინ რატომ გააკეთეს საპირისპირო განცხადებები? თუ გენერალური შტაბის პოზიციაა, რომ სავალდებულო სამსახური არ უნდა აღსდგეს, საექსპერტო საზოგადოებასთან საუბარს რა აზრი აქვს? გენშტაბმა ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს?

ამ კითხვებში დასკვნაც არის და დიაგნოზიც, რომელთა გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

კომენტარის დატოვება