თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები – ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, „ნამახვანიჰესის” საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება „ნამახვანიჰესის” მშენებლობის მთელ პროცესში, სამინისტრო ძალიან პრინციპული და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იქნება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი – ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ცაგერში შეხვედრებს აგრძელებენ და ისინი „რიონის ხეობის მცველებს”, რომლებიც კარვებში იმყოფებიან, შეხვდებიან.