თამარ გაბუნია – ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული, რათა ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე ერთი კვირაა, ინდოეთში იმყოფება. ინდოეთი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ვაქცინების, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, ასევე „ნოვოვაქსი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინდოეთი ყვექნიდან ვაქცინების გამოტანას მკაცრად არეგულირებს, რის გამოც აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან მაღალი დონის ვიზიტი გახდა საჭირო.

„ასევე არის ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა ამ ვაქცინების გამოყენება არაერთმა ქვეყანამ დაიწყო. მაგალითად, ბრაზილიამ ინდური წარმოების ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა. ამ შეთხვევაში, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს და „ასტრაზენაკას“, ასევე „ნოვოვაქსის“ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

ინდოეთი გარკვეულწილად, მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი. ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული, რათა ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ. თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა „ნოვოვაქსის“ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი. „ნოვოვაქსის“ მოლოდინი „კოვაქსის“ პლატფორმიდანაც გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.