მარკეტა გრეგოროვა – საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს სწორ გზას – გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის გიორგი რურუა და ნიკა მელია

საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს სწორ გზას, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და სასამართლო სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის გიორგი რურუა ან ნიკა მელია და მისცეს მოქალაქეებს საშუალება, გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ სამართლიან სისტემაში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 8 მარტის შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ უარეს ვითარებაშია. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს სწორ გზასთან დაბრუნება, მას სჭირდება მეგობრების დახმარება.

„უბრალოდ არ შემიძლია თავი ავარიდო სიმბოლიკაზე საუბარს, 8 მარტის შეთანხმება საქართველოში შედგა თითქმის ერთი წლის წინ, მრავალთვიანი შიდა არეულობის შემდეგ. ჩვენ აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებებიდან ერთი წლის შემდეგ და გაცილებით უარეს ვითარებაში. ვწუხვარ, რომ ამას ვხედავ, მაგრამ არ მინდა ამ გრძნობაზე შეჩერება – გასულ წელს საქართველომ შეძლო გამოსულიყო კრიზისიდან, მოახერხა ამ გვერდის გადაფურცვლა და გაატარა საარჩევნო რეფორმა. ჩვენ მაშინ საქართველოს გვერდით ვიყავით, დავეხმარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ შეგვიძლია დახმარება. საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს სწორ გზას, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და სასამართლო სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის ბატონი რურუა, რაც იყო დაპირებული 8 მარტის შეთანხმებით ან ბატონი მელია და მისცემს მოქალაქეებს საშუალებას გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეთ მათ სამართლიან სისტემაში, არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებული ეჭვების ჩრდილის გარეშე. ამისთვის ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, უნდა გამოვიჩინოთ მეტი მხარდაჭერა და მივანიჭოთ ძლიერი მანდატი გუნდს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს საქართველოში, რათა მათ დახმარება გაუწიონ მედიაციის პროცესს. რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, იყო დიდებული ნაბიჯი და პირველი ნაბიჯი, მოდით გავაგრძელოთ რაც მან და ჩვენ გავაკეთეთ და დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს!“- განაცხადა გრეგოროვამ.