ბერა ივანიშვილი: ეს ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, უკანონო მოსმენა აწყობილი იყო იმისთვის, რომ წამოვეგეთ პროვოკაციაზე, რომელიც არ გამოუვიდათ

მოდით, ყველამ ერთად გავაანალიზოთ ეს სცენარი რასაც ატრიალებენ ოპოზიციური არხები, ეს თუ იყო 2017 წელს ეს იმას ნიშნავს, რომ უსმენენ პრემიერ-მინისტრს, ანზორ ჩუბინიძეს, მისმენენ მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აძლევს ოპოზიციურ არხებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ მუსიკოსმა, ბერა ივანიშვილმა გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიღაც გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის. რასაც ესენი ამბობენ, ეს თუ მთავრობა არ იყო და სუპერ აგენტი იქსი იყო, ამ კაცმა შეძლო, რომ ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის…. ეს ერთი დეტალია. მეორე მხარეს, მთელმა საქართველომ იცის, როცა ეს პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა არასრულწლოვნების, არა მარტო ბერასი, არამედ მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ იყო მიზანმიმართული კამპანია. „ეს ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, ეს უკანონო მოსმენა აწყობილი იყო იმისთვის, რომ ჩვენ წამოვეგეთ რაიმე პროვოკაციაზე, რომელიც მათ არ გამოუვიდათ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ იქ რამე შეგვშლოდა, რამე შეცდომა დაგვეშვა თქვენი აზრით ისინი რამეს გვაპატიებდნენ?“- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.