„ომიკრონის” შემაკავებლად მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული პათოლოგია აქვთ, რომელთა ასაკი 65 წელს გადაცილებულია, „ომიკრონი” ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გამოიწვევს.

მისივე თქმით, აღნიშნული შტამის შესაკავებლად მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება.

„ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა ექნება მსუბუქი, იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული პათოლოგია აქვთ, რომელთა ასაკი 65 წელს გადაცილებულია, „ომიკრონი” ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გამოიწვევს.

ამის საწინააღმდეგოდ ორი რამ არის „ჯანმო”-ს მიერ მოწოდებული, პირველ რიგში, მაქსიმალურად გაზრდა და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ვაქცინაციის თვალსაზრისით და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ბუსტერ დოზის თვალსაზრისით. ბუსტერს მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან დღეისათვის მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება „ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.