ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი: ჩამონგრეული შენობა ავარიული არ იყო, მშენებლობაზე ბოლო 10 წელია არანაირი ნებართვა არ გაცემულა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ კორპუსთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაცემულა. მისივე თქმით, სალონის რემონტის პროცესში საძირკველთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ მერიაში არანაირი განცხადება არ შემოსულა.

.მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ამ ხნის განმავლობაში არც მიშენება და არც დაშენება არ განხორციელებულა.

„აღნიშნული შენობა ავარიული არ იყო. არანაირი დაშენება და მიშენება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. მერიამ ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართა და გაირკვევა მიზეზი, თუ რატომ ჩამოინგრა შენობა.

მე ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ რომ მიშენებულ ლიფტს გამოეწვია ნგრევა, თუცა იგი იყო მსუბუქი კონსტრუქცია და არ იყო ჩაშენებული კედლებში. უშუალოდ კედლების სიმყარეს საშიშროებას არ უქმნიდა.  მშენებლობაზე ბოლო 10 წელია არანაირი ნებართვა არ გაცემულა. ჩვენი ინფორმაციით გარედან არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა,” – აცხადებს ლელა სურმანიძე.