ირმა ინაშვილი – წლების მანძილზე ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის ორაზროვან დასკვნებს აქვეყნებდნენ, განცდა ჩნდება, რომ გაყალბების ფაქტებს მუდმივად ხელს აფარებენ

ეს დასკვნა ვერაფერს შეცვლის. ძალიან სამწუხაროა, ბოლო 20 წლის მანძილზე ყველა არჩევნები ყალბდებოდა ქვეყანაში მეტ-ნაკლები დოზებით, მაგრამ ის, რაც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, ამას უკვე ჰქონდა გაცილებით დიდი მასშტაბი, იმდენად დიდი მასშტაბი, რომ საქართველოში ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა.

„სამწუხარო ის არის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე იგივე ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის დებდნენ რაღაც ორაზროვან, ძალიან ბუნდოვან დასკვნებს მხოლოდ ხარვეზების შესახებ და არა იმ ფუნდამენტური გაყალბების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. მე ეუთოსთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით ვაკეთებ ამ განცხადებას, თითქოს ისეთი განცდა რჩება ამ განცხადებების შემდეგ, რომ მუდმივად ხელს აფარებენ გაყალბების ფაქტებს და ხაზს უსვამენ მხოლოდ იმას, რომ იყო გარკვეული ხარვეზი. ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის სამართლის დანაშაულზე, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.