ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობამ მაშველ რგოლად ჯერ გავრილოვი დაიხმარა, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი და მესამე, ერთგვარი კულმინაცია იყო რუსეთის ღია აგენტის გამოყვანა მათი მთავარი რუპორის, მთავარი არხის მხრიდან

„ნაციონალებს“ ბუმერანგივით უბრუნდებათ ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებენ, რუსეთის აგენტობით ისინი შორს ვერ წავლენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიღებული ზომები კიდევ უფრო აცხადებს იმ ეჭვს, რომ ის რუსეთთანაა კავშირში.

„ზედიზედ იყო 3 შემთხვევა, ჯერ დაიხმარეს გავრილოვი, რომელსაც განცხადებები გააკეთებინეს საკუთარი თავის გასაპიარებლად „ნაციონალებმა“, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი გამოიყვანეს, ხოლო მე-3 ერთგვარი პატარა კულმინაცია იყო რუსეთის ღია აგენტის გამოყვანა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი რუპორის, „მთავარი არხის“ მხრიდან. ეს ყველაფერი ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით და გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი რუსეთთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით: ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც რუსეთს გადაეცა და ა.შ. თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთის ინტერესებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ეს ყველაფერი თანდათანობით კიდევ უფრო ცხადდება, მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ მათ რუსები მაშველ რგოლად მოიხმეს, ეს იყო გავრილოვი, ეს იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი და რუსეთის გაცხადებული აგენტი. ამ შემთხვევაში მათ უკან უბრუნდებათ ბუმერანგივით ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებენ, რუსეთის აგენტობით ისინი შორს ვერ წავლენ“, – განაცხადა კობახიძემ.