ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით  ფარული ჩანაწერები გავრცელებით დაგეგმილი იყო  საინფორმაციო კამპანია ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

„სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა, რომ იყო უკანონო მოსმენები, ადამიანის უფლებების დარღვევა, ბიზნესის ტერორი და ა.შ., არ ვაპირებ დრო დავხარჯო ამაზე, ვინაიდან ყველა მოქალაქემ იცის რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს გასაკვირი არ არის და არც იქნება, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება წარმოადგენს საფრთხეს, რომ მომავალში გამოყენებული იქნება რაიმე მიზნებისათვის. ამ შემთხვევაში პრინციპულია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით. ეს არ არის ჩვენი ხელისფულების ხელწერა. იმ შემთხვევებში როდესაც ასეთი პრეტენზიები იყო ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირება და რისი გამოკვლევის საშუალებასაც იძლეოდა ელექტორნული ჩანაწერები.

ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბევრი კითხვებია რატომ დაემთხვა დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს ჩანაწერების გამოქვეყნება. აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში იყოს დაპირისპირება. ეს არის „ჰეითერობა“ და „ჰეითერობა“ თანამედროვე საზოგადოებაში არის სირცხვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.