სამეგრელოს პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი „ნისან ნავარას“ მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. შემდეგ, რეალიზაციის მიზნით,
ავტომობილი ნაწილებად დაშალეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.