სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაციის შემდეგ: აუცილებელია ეს საშუალება გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება და გამოვიდეთ კრიზისიდან

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.

„მე დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რადგან ჯერ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგი არის ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის, რომელმაც ეს თვეები გაიარა ძალიან მძიმედ და ნამდვილად საჭიროა, დღეს ისინი აიცრან, რათა ჯერ ერთი, არ იყვნენ გადამდები, იყვნენ დაცული, რადგან მათზეა ბევრი დამოკიდებული. შემდეგ დადგება სხვა ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, გამოვიდეთ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან, რომელიც მოყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა, გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.