ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ღიად თამაშობს რუსულ თამაშს და ამიტომაც აღარ ერიდება ანტიდასავლურ რიტორიკას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ღიად თამაშობს რუსულ თამაშს და ამიტომაც აღარ ერიდება ანტიდასავლურ რიტორიკას.

მისივე თქმით, ყველაზე გულწრფელი ბურჯანაძე აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება.

„ოპოზიციის მხრიდან დასავლელი პარტნიორების შეურაცხყოფა გვიჩვენებს იმას, რომ ისინი ძალიან ღიზიანდებიან ნებისმიერ განცხადებაზე, რომელშიც არჩევნები კონკურენტულად და თავისუფლად არის შეფასებული. ეს მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ, იმიტომ რომ მთელი დიალოგი დაიწყო იმაზე საუბრით, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს თვითონ გაგვიყალბეს პარალელური დათვლა. ეს რეაქცია ასევე მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე აშშ-ისა და ევროპის მიმართ. თქვენ გახსოვთ, რას ამბობდნენ თავის დროზე ისინი ელჩებზე.

ყველაზე გულწრფელი აღმოჩნდა ბურჯანაძე, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება. ეს არის კულმინაცია ოპოზიციის რიტორიკისა, ბურჯანაძეც ხომ მათი ნაწილია. დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა ინფორმაცია შეხვედრიდან და ყველამ გაიგო, რაც იქ ითქვა, რომ ხელოვნური კრიზისის შექმნა აწყობს მხოლოდ რუსეთს. ისინი უკვე ღიად თამაშობენ რუსულ თამაშს და ამიტომაც აღარ ერიდებიან ანტიდასავლურ რიტორიკას. ისინი მუდმივად იღებენ მაშველ რგოლებს რუსეთიდან – მე ვგულისხმობ გავრილოვის, ნარიშკინისა და რუსეთის აგენტის განცხადებებს“, – განაცხადა კობახიძემ.