ეკატერინე ტიკარაძე – დარწმუნებული ვარ, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა ჩვენი ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართული იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება დღეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 21:00 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

30 წლამდე ექთანი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.