ამირან გამყრელიძე: ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, ჩვენი მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება ადამიანად

ამირან გამყრელიძე: ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, ჩვენი მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება ადამიანად

ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, ჩვენი მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება ადამიანად. თქვენ იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მან მისცა ინტერვიუ და მოუწოდა სამედიცინო საზოგადოებას ვაქცინაციისკენ. მას ღრმად სჯეროდა, რომ აცრა და იმუნიზაცია გახლავთ ის პროცესი, რომელმაც უნდა დაამთავროს ეს მძიმე პანდემია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში, ექთნის გარდაცვალების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთი წლის განმავლობაში, პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში 3 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მსოფლიოში – 2.6 მილიონი. რა თქმა უნდა, როცა ამ ტიპის გართულებასთან გაქვს საქმე, ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ. ჩემი სამსახურისა და კარიერის პერიოდში, მქონდა მძიმე შემთხვევები, საბედნიეროდ, ეს იყო ერთეული შემთხვევა. მათ შორის იყო ანაფილაქსიური ტიპის გართულებაც ბავშვთან, 1990-იან წლებში. ამის შემდეგ – მძიმე გართულება სხვა ტიპის ვაქცინაზე. გუშინ დამდგარი გართულება იყო ძალიან მძიმე. ესაა ძალიან მძიმე დაღი იმ ადამიანებისთვის, ვინც, ზოგადად, მედიცინაში არიან და განსაკუთრებით მათთვის, ვინც კოვიდთან იბრძვის“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.