ამირან გამყრელიძე: ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ანაფილაქსიური შოკის ათეულობით შემთხვევა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით, მინდა გამოვთქვა ღრმა მწუხარება ამ ძალიან მძიმე, ჩვენი კოლეგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ვაქცინაციას , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებსა და სხვადასხვა მედიკამენტზე. ეს შეიძლება იყო ფუტკრის, ბზიკის ნაკბენზე, სხვადასხვა კონტრასტულ ნივთიერებაზე და ა.შ. როდესაც ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ვაქცინაცია ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და დგება სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ და ვისაც უექიმია, სამწუხაროდ, ამ ტიპის ტრაგედიებთან შეხება ექნებოდა. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი სწორედ იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლა არის საუბარი. ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ანაფილაქსიური შოკის ათეულობით შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.