გიგი უგულავა: გვინდა არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება იძულებით

ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება იძულებით, იმ ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, ქალაქში, ქუჩებზე იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უთხრა უარი დასავლეთს.

„ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები სამწუხაროდ ჩავარდა. თუ თითოეული ჩვენგანი არ გავმოძრავდებით, თუ მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები ერთი იდეის ქვეშ, ერთად არ დავირაზმებით, საქართველოს სხვა გზა არ დარჩება და ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების განმავლობაში გამოვდივართ. ეს ნიშნავს მოძრაობას საქართველოსთვის. ეს მოძრაობა არის თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება, რადგან ჩავარდნილი მოლაპარაკებები არ არის ერთჯერადი რამ, პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დღეს, ღიად უარი უთხრა დასავლეთს.

ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება იძულებით იმ ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, ქალაქში, ქუჩებზე იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე და მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.