ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალციხიდან მეგი ბაქრაძის გადმოსაყვანად რეანიმობილის თბილისიდან გაგზავნა

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალციხიდან მეგი ბაქრაძის გადმოსაყვანად რეანიმობილის თბილისიდან გაგზავნა.

„იქ ადგილზე არსებული რეანიმობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, თბილისიდან დამატებითი რეანიმობილი გაიგზავნა“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველა რეგიონს, ანალიტიკური შეფასებიდან გამომდინარე, რეანიმობილების გარკვეული რაოდენობა ემსახურება.

„ასევე მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, რომ რეანიმობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს ფაქტი არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რაიმე ხარვეზზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ, ხარისხობრივად და რაოდენობრივად ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედდას აცრა გაუკეთდა კლინიკაში, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება აქვს, შესაბამისად, ის ყველა საჭირო სერვისით იყო უზრუნველყოფილი. ამასთან, მინისტრმა კვლავ გაამახვილა ყურადღება რეგიონული კლინიკების მუშაობის ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე, რათა პაციენტების დედაქალაქში გადმოყვანა რეანიმობილით საჭირო არ იყოს.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანიმობილებით ტრანსპორტირება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.