სალომე სამადაშვილი – ვერ ვხედავ, რომ გიორგი გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს

ვერ ვხედავ, რომ გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გახარია პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ უკუსვლა განიცადა.

„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთით არის, რაც უკავშირდება მის როლს 20 ივნისის მოვლენებში, მაგრამ არა მხოლოდ ეს, ის ასევე, იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანამ საგრძნობი უკუსვლა განიცადა. ამიტომ, პირადად მე, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური პოტენციალი, თუმცა შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე. გახარიას თუ მიაჩნდა, რომ ის ხელისუფლება, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმოადგენდა, აცდენილი იყო ევროპულ კურსს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ დიდი ხნის წინ მიეღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განაცხადა სამადაშვილმა.