ეკატერინე ტიკარაძე: მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, მისი აცილება შეიძლება

არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური, თუმცა ღრმად მწამს, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე ტალღის აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ხვალ შემოვა.

„ჩვენი ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. მისი ტრანსპორტირება მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, შემდეგ ვაქცინა გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია. Pfizer-ი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ. რაც შეეხება მესამე ტალღას, ის მოსალოდნელია და ყველა მომატებული ნიშნული გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად გავამკაცროთ ღონისძიებები. მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვასა და პირად ჰიგიენას. არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური გზა, თუმცა ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები“, – განაცხადა ტიკარაძემ.