ალეკო ელისაშვილი – დიახ, არჩევნები გაყალბდა, ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები იყოს

დიახ, არჩევნები გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა და ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს მოწესრიგების გარანტია მასაა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმია.

„დიახ, გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ რატომ ვარ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ამის გარანტიაა მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ. მინდა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან ვუთხრა, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. არ მოსწონთ რაც იქ წერია? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. 54- ნი არიან. მეტი გამოგლიჯონ “ქართულ ოცნებას” მეტი დაახევინონ უკან და ქვეყნისთვის უფრო მეტი საჭირო პუნქტი შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის შეთანხმება და ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს. თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის მავნე პრაქტიკა „კარუსელები“ რომ ერქვა. ყველაფერმა მოგვიტანოს ბოლოს და ბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ეჭვშეუტანელი იყოს ხოლმე არჩევნების შედეგები. ასევე მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, შეიძლება ამ ქვეყანაში იყვნენ ახალფეხადგმული, ცოტა ხნის წინ რეგისტრირებული პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არავის გავლენას არ ექვემდებარებიან. ეს არის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი. ჩვენ არავის არაფერს ვეკითხებით, რასაც საქართველოს ინტერესი გვკარნახობს და საკუთარი სინდისი გვეუბნება, იმას გავაკეთებეთ ყოველთვის, არავის დირექტივას არ დაველოდებით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.