სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთს ვურჩევ ოპოზიციას, მოერიდონ, როგორც კეთროვანს​

მსოფლიოში ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ. არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რა პოლიტიკაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტნიორი და სადამკვირვებლო მისია აღიარებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა.

„ქართული ოცნების” პოლიტიკა მყარი და უცვლელია. მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუ გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში? რაც შეეხება პატიმრებს, ერთი ადამიანია ნიკა მელია, რომლის გათავისუფლება არის ერთი წუთის საქმე და გასაღებია მის ხელში. გადაიხდის გირაოს, გამოვა გარეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის.

ჩემდა გასაოცრად ყველაზე დიდი ფულსტრაცია ვისშიც მოახდინა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ, ეს იყო ქართული ოპოზიცია, რადგან უსაგნოდ დარჩნენ ჰაერში, აღარ იციან, რა გააკეთონ. მიხეილ სააკაშვილი ვერაფერში ვერ ჩაერთვება, არ არის საქართველოს მოქალაქე, არის მსჯავრდებული არაერთ საქმეზე. უკრაინაში მის წინააღმდეგ ძიება როგორ წავა, არ ვიცი. მასთან დაკავშირებით ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ მოერიდონ, როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან. ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი წინ მშვიდად, კონსტრუქციულად წავა და შედეგი იქნება პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.