გურამ კაშია: გულდაწყვეტილი ვარ, მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემით ვიქტორ კლაესონმა ისარგებლა და ჩვენი გუნდის კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ.” – თქვა კაშიამ.