ვახტანგ მეგრელიშვილი – ჩვენთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა გადამწყვეტია, რიგგარეშე არჩევნების საკითხი კი, იმ ფორმით, როგორც ამას ოპოზიცია აყენებს, არა

„გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოპოზიციისადმი მოწოდება, ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში, მოცემულ სიტუაციაში არასერიოზულია.

„ვფიქრობ, შეუძლებელია ჩავერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მოწოდებული. თითქოს ოპოზიციური პარტიების მოწვევაა, მოდით, რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ძალიან არასერიოზული და შეუსაბამოა იმ კონტექსტში, რომელშიც ახლა ვართ.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ჩვენი ვარიანტის განხილვას არ აპირებს იმიტომ, რომ ფიქრობს, სხვა ფორმით შეუძლია გამოვიდეს კრიზისიდან.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმებს, ვფიქრობთ, კოსმეტიკურია ეს ყველაფერი და არანაირი შინაარსი არ აქვს. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შეიცვალოს მართლმსაჯულება და ისე მიმდინარეობს პროცესი, ძალიან შორს ვართ ამ წარმოდგენების საჯარო განხილვისგან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი თქმით, „გირჩისთვის“ უპირველესი მნიშვნელობის საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და არა რიგგარეშე არჩევნები.

„დენიელსონის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, გარკვეული ცვლილება უნდა შეიტანოს იმ სტრატეგიაში, რომლითაც წინა ვიზიტის დროს იყო საქართველოში. რომ გითხრათ, რაიმეს დიდი იმედი მაქვს, ასე არ არის, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ინტერესით ველოდები, რადგან ეს პროცესი უნდა დასრულდეს რამენაირად. ჩვენთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა გადამწყვეტია, რიგგარეშე არჩევნების საკითხი კი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას ოპოზიცია აყენებს – არა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.