ლევან იოსელიანი – ვინმე თუ ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციებით ევროკავშირის წარმომადგენელზე რაღაც ზეგავლენას მოახდენს, ძალიან ცდება

ევროპელი დიპლომატი მეორედ ბრუნდება და ვფიქრობ, დანიელსონის დღის წესრიგი ბევრად უფრო მომთხოვნი და განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს აქციების გამართვა იქნება პროცესის მიმართ უნდობლობის გამოხატულება. იოსელიანის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციებით ევროკავშირის წარმომადგენელზე რაღაც ზეგავლენას მოახდენს, ძალიან ცდება.

„ევროპელი დიპლომატი მეორედ ბრუნდება და ვფიქრობ, მისი დღის წესრიგი ბევრად უფრო მომთხოვნი და განსხვავებული იქნება. პოლიტიკურ მხარეებს ასე მარტივად მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომა, მისი აყირავება გაუჭირდება, რასაც ერთმანეთს აბრალებენ. ევროკავშირის პრესტიჟის საკითხი მგონია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს. კონკრეტულად, რაზეც დღეს ამბობენ, რომ არ გააკეთებენ, იმის გაკეთება მოუწევთ. პოლიტიკურ პროცესს ვუყურებ და გამოცდილება დავაგროვე იმის თქმის, რომ ერთს ამბობდნენ, მეორეს გაკეთება უწევდათ. რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ახლაც იგივე მოხდეს? მგონია, რომ მოლაპარაკებების დროს აქციები არ იქნება. ეს იქნება ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოხატულება. მოლაპარაკებების დროს აქცენტი პრობლემის გადაჭრაზე უნდა გაკეთდეს და არა პრობლემის გაღრმავებაზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციებით ევროკავშირის წარმომადგენელზე რაღაც ზეგავლენას მოახდენს, ძალიან ცდება. ჩემი აზრით, მიღწევადია რიგგარეშე არჩევნებსა და პატიმრებზე შეთანხმება იმ პირობებში, როცა ოპოზიციაც დათმობს და გადააბიჯებს თავის წითელ ხაზებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.