ლევან რატიანი: მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო, პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხელ ექთანს, მეგი ბაქრაძეს კლინიკაში შეყვანისას ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს.

„ჩვენთვის ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, რადგან პანდემიის პირობებში დაიღუპა. ახალგაზრდა მედპერსონალი ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. დაფიქსირდა სამწუხაროდ, ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში. ასევე მინდა განვმარტო, რომ პაციენტს რამდენიმე საათში ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს. ასევე ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდებოდა გულისცემის სიხშირე და რიტმი.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელებში, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია – პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რადგან ჩვენ ვართ კლინიცისტები, მას კლინიკაში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი – „ჯინ ექსპერტი“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევით ტესტი იყო ნეგატიური“, – განაცხადა რატიანმა.