კრისტიან დანიელსონი – შეთანხმება თუ შედგება, აქ იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, პირველ რიგში ეს იქნება ქართველი ხალხი

შეთანხმება თუ მიიღწევა, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, პირველ რიგში იქნება ერთი მთავარი გამარჯვებული – ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

დანიელსონმა კვლავ ყურადღება გაამახვილა ყველა მხრიდან კომპრომისის მნიშვნელობაზე.

„მე დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ყველა პარტიასთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. როგორც მე ყოველტთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი“, – აღნიშნა დანიელსონმა.