რუსეთის დუმის სპიკერი – პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა

ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნა უსაფრთხო არ არის.

„პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შიდა პოლიტიკას დღეს და ეს, რა თქმა უნდა, არაფერს კარგს არ გამოიწვევს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ანადგურებს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინა პერიოდში კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების იქ ყოფნა“, – აცხადებს ვოლოდინი.