დამშვიდობებისას მითხრა 12 წელი როგორ გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო – ზაზა გახელაძის ცოლი

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრები შეახვედრეს.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში შვილებთან და მამამთილთან ერთად იმყოფებოდა.

„ზაზას ეუბნებიან ოკუპანტები, რომ საქართველოს ჰყავს ჩვენი პატიმრები და რატომ არ ელევიან თუნდაც ერთ პატიმარში, რომ გაგცვალონო. არ ვიცი ვის გულისხმობენ, ვინ არის ეს პატიმარი და როდიდანაა ჩვენთან. ზაზა ელოდა, რომ რუს პატიმრებში გაცვლიდნენ.

შემოსვლისთანავე მითხრეს, რომ შენ ისეთ მდგომარეობაში იყავი, შენს მხარეს, რომ ემოქმედა 9 სააათს არ გაგაჩერებდნენ აქო.

ოკუპანტები ფიქრობენ, რომ საქართველო არ მუშაობს სათანადოდ, გამოდის, რომ ზაზაც ასე ფიქრობს, თორემ რაღაცის იმედი რომ ჰქონოდა, იტყოდა. დამშვიდობებისას კი მითხრა 12 წელი, როგორ გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო”, – თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.